სიტყვები, საგნები და შენობები ლევან მინდიაშვილის ინტიმურ დღიურებში

Image

გამოფენა  სავსე იყო ალუზიებით ყველა სახის დახვეწილსა და  გრძნობიერ გამოცდილებაზე დაწყებული ეგონ შილეს ემოციური ინტენსივობიდან მარსელ პრუსტის წარსული შეგრძნებების „გამოხმობამდე,“ სი სენაგონის „სასთუმლის ჩანაწერებიდან“ ლუიზ ბურჟუას ინსტალაციებამდე გობელენების საქსოვი დაზგებითა და რკინის საწოლებით  და ა.შ… ალუზიების სიმრავლე ხელს არ შეგიშლიდათ დაგენახათ გრძნობიერი გამოცდილებების პერსონალურად ლევან მინდიაშვილის  მხატვრული ვერსია მისი ბიოგრაფიული ფაქტების, მოგზაურობებისა და ინტიმური სივრცეების გადაკვეთაზე. ნამუშევრებში, რომლებიც გალერეა „ვანდამ“ წარმოადგინა, ექსტერიერები და ინტერიერები, სახლები, საგნები,  „მოშინაურებული,“ უკვე ათვისებულია. სხვადასხვა ქალაქების არქიტექტურული ფრაგმენტები უკვე მათთან დისტანციის, გაუცხოების გაქრობის შემდეგ გამოისახება, ან მათზე მუშაობის პროცესში ხდება მხატვრის მხრიდან მათთან ურთიერთობაში შესვლა, თავდაპირველი ბარიერების გადალახვა. ამ  არქიტექტურული მოგზაურობებისას „მიმზიდველ სირთულეებად“ ჩანს დეტალურად აღწერილი შენობების კედლების რთული ფაქტურები, გრაფიკული კიბეები, სხვადასხვა დამატებითი კონსტრუქციები, კონდიციონერები, ანტენები და ა.შ.. ექსტერიერი–ინტერიერის თემა აქ თავისი ცვალებადი აქცენტებით იგულისხმება, – ისინი როლებს ცვლიან „მშობლიურ“ და „არამშობლიურ“ გარემოში. უცხო ქალაქში დომინანტური გარე სივრცეა,  საკუთარ ქალაქში კი საკუთარი ბინის ფაქტორი ხდება განმსაზღვრელი. რაღაც საფეხურზე  განმასხვავებელი ნიშნები ქრება და ლევან მინდიაშვილის ქალაქებიც ნელ–ნელა ერთიანდებიან ერთ იდენტობად, „ზოგადად ქალაქად.“  კონკრეტულად ამ გამოფენისთვის  დომინანტური კი  ინტერიერი და მისი ყველაზე მეტად ინდივიდუალური და ინტიმური სივრცე – საწოლები იყო,  რაზეც გამოფენის სათაურიც – “ზეწრებში გახვეული”  მეტყველებდა. ზეწრები, საწოლები, ბალიშები შპალერის დეკორატიული ფრაგმენტების ფონზე  მაქსიმალურად განავრცობდა სხეულის შეგრძნებას, რამდენადაც საცხოვრებელი სახლის ინტერიერის ფსიქოლოგიური ხასიათი მისი ბინადარის სხეულის გავრცობით იგება და ქმნის იმ განუმეორებელ „აურას,“ რაც ზოგადად ინტიმურ სივრცეებს ახასიათებს.

თავისთავად „დაულაგებელი“ საწოლების სერია მათი პატრონების „ნაკვალევით“ ემოციურად ძალიან დატვირთული იყო იმ უხილავი შლეიფით, რასაც ეროტიზმის, არაცნობიერი იმპულსების, სიზმრების ქსოვილებისა და ქვეცნობიერი შიშების ნაერთი ქმნის. საგნები აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობებს იძენენ, ისინი კონკრეტულად „ვიღაცის“ საგნები არიან, მათი მეპატრონის სხეულის ანაბეჭდს ატარებენ, ასე იქცევიან „ჩვეულებრივი“ სკამები თავიანთი ურთიერთობების მეხსიერების მატარებელ „განსაკუთრებულ“ სკამებად. გრძნობიერი მეხსიერების ექსპრესია მაღალ ზღვარს გამოფენის გახსნაზე ნაჩვენები პერფორმანსით მიუახლოვდა. პერფორმანსი დიზაინერ უტა ბექაიასთან ერთად მომზადდა მაგდა გველესიანის მონაწილეობით, რომელიც საქორწილო სკულპტურა–კაბაში გამოწყობილი ხან საწოლზე იჯდა და „ქარგავდა,“ ან პიანინოზე ხანგრძლივი პაუზებით იღებდა ნოტებს. პერფორმანსის სივრცეში ინტიმური და პრივატული ფაქტურების სიჭარბეც მაქსიმალური იყო: ბებიის ნაქარგები, მხატვრის საკუთარი ზეწრები , ფრაგმენტულად მოხატული სტენსილური ანაბეჭდით– აღმოსავლური მინიატურის ასოციაციით გამოსახული პოეტური წყვილით და წარწერით – „ზეწრებში გახვეული  ჩურჩული.“ აქვე სურათი–ბალიშები სასიყვარულო სცენებითა თუ საცვლების გამოსახულებითა და იუმორის ნოტის მატარებელი წარწერით–  mobile love. ინტიმური სივრცის მოქნილ ქსოვილში ესთეტიზაცია, დახვეწილობა, მანერულობა შედარებით შეფარულ აგრესიულ იმპულსებსაც ატარებდა ამ ესთეტიზაციის სტერეოტიპული მოდელის უტრირებული ჩვენებით – ანონიმური პატარძალი თეთრი ქსოვილებისა და ნაქარგების „უმანკოების“ ქაფში, ნემსით ხელში ნიკელის საწოლზე და ერთგვარ კლაუსტროფობიულ მდგომარეობაში.

თუ ლევან მინდიაშვილის სურვილი  იყო ექსპოზიციით ინტიმური სივრცის მოუხელთებელი სტრუქტურა საგრძნობი გაეხადა, მან ეს ნამდვილად შეძლო გალერეა „ვანდას“ საკმაოდ რთული ინტერიერისა და დამთვალიერებელთა უზომოდ დიდი რაოდენობის  პირობებში.

ხათუნა ხაბულიანი

______________________________________________________
Words, Objects and Buldings in Private Diary of Levan Mindiashvili by Khatuna Khabuliani for ArtArea TV.
*Khatuna Khabuliani is an independent curator living in Tbilisi, Georgia.
Link to the article on ArtArea TV.

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.